რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა - სასწავლო პროექტი: ,,ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
საგანი: ქართული ენა
კლასი: მეოთხე
მასწავლებელი: ნინელი ცაბაძე
სასწავლო პროექტი: ,,ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“
2022 წლის 19 მაისს მეოთხე კლასში ჩავატარე სასწავლო პროექტის ,, ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“ შემაჯამებელი, საპრეზენტაციო გაკვეთილი.
პროექტის მიმდინარეობის პროცესმა და პრეზენტაციის მიმდინარეობამდამარწმუნა, რომ პროექტის თემატიკა, აქტივობები, რესურსები სწორად იყო შერჩეული.
განსაკუთრებით მოტივირებულები მუშაობდნენ მოსწავლეები იმიტომ, რომ ეს პროექტი მიეძღვნა მათი საყვარელი პირველი მასწავლებლის , ციცო გვალიას ხსოვნას .
მნიშვნელოვან სირთულეს პროექტის მიმდინარეობისას და პრეზენტაციის პროცესში არ შევხვედრივართ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ანა კალანდაძის ლექსი ,,საქართველოო ლამაზო“ ; შედარებით მეტი მუშაობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერის გაცნობის საფუძველზე , დასჭირდა კლასს გაეთავისებინა „რა არის ხელნაწერი“ და „რა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ხელნაწერს“. ტერმინი „იდენტიფიცირება“, რომ გამეადვილებინა მოსწავლეებისათვის ამ ტერმინის აღქმა-გაგება, ავხსენით კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის რა გამოარჩევს იმერეთს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხები მოიძიეს ბავშვებმა ინტერნეტით, გაესაუბრნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებს: მაგალითად სადილად მეგრელი მოამზადებს აუცილებლად ღომს, იმერელი დააცხობს მჭადს, ე.ი. ღომი მეგრული სამზარეულოს მაიდენტიფიცირებელია, მჭადი- იმერულის, ხოლო ხელნაწერი მისი შემსრულებლის იდენტიფიცირების ნიშანია, გარდა ამისა მასში ჩანს ავტორის სული.
და მთავარი: რამდენი ადამიანი არსებობს , იმდენი არსებობსხელნაწერი. ინტერესი გამოიწვია საკუთარი ხელნაწერის შექმნის თემამ და მოსწავლეები ხალისით , მონდომებით , დიდი სერიოზულობით მოეკიდნენ ამ საქმეს.
სირთულე იყო ხელნაწერების შენახვა ( რომ დროთა განმავლობაში არ გაბნეულიყო) . ამიტომ შევქმენით საქაღალდე წარწერით ,, ხელნაწერთა ბანკი“, თარიღით, შემსრულებელთა მიერ ხელმოწერით დადასტურებული და ჩაბარდა კლასის დამრიგებელს, რომელმაც ,თავის მხრივ, აიღო ვალდებულება მეთორმეტე კლასის ბოლოს კვლავ შეაქმნევინოს იგივე ტექსტის ხელნაწერი და გადასცეს შედარების მიზნით მათ მიერ მეოთხე კლასში შესრულებული ხელნაწერი.
ეს კიდევ ერთი მოტივაცია იყო მოსწავლეებისათვის, რათა ისინი განსაკუთრებით პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საქმეს.
:
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობის პროცესი..
ყველაზე უკეთ გამომივიდა , ვფიქრობ, თემატიკის შერჩევა და პროექტის მიზნის განსაზღვრა, რამაც თავისთავად განაპირობა პროექტის თავისუფლად განხორციელება, მოსწავლეთა მხრიდან მონდომებული, მოტივირებული მუშაობა.
ჩემი განწყობა, ისე როგორც მოსწავლეთა განწყობა იყო პოზიტიური, პროექტმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი მოსწავლეთა შორის ემპათიის უნარის განვითარებას, ასევე ძიების, დახარისხების,შედარების, მხატვრული კითხვის,დეკლარირების, დამოუკიდებელი მუშაობის, ასევე ჯგუფური მუშაობის უნარები.
ვთვლი, რომ პროექტზე მუშაობამ, პრეზენტაციის განსხვავებულ სტილში( თემატური მინი- კონცერტის) გამართვას სრულიად ახალი გამოცდილება შესძინა ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.
დღეს გაკვეთილზე მე შევძელი მოსწავლეები დამერწმუნებინა საკუთარ შესაძლებლობებში, რომ არიან საქმეები, რომლებიც დიდებმა და პატარებმა თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა აკეთონ, რომ ისინი, მეოთხე კლასელები, უკვე არიან შემდგარი პიროვნებები, და ხელნაწერის შექმნით მათ უკვე დაიწყეს საკუთარი ისტორიის დაწერა.
საპრეზენტაციო გაკვეთილმა, და ზოგადად პროექტმა, მომცა გამოცდილება, ამიმაღლა თვითშეფასების უნარი, დამარწმუნა: თუ არჩევანის სიზუსტეში არ შევცდები, და სათანადოდაც დავიხარჯები, შედეგი არ დააყოვნებს.
საპრეზენტაციოგაკვეთილის დროს მე მერგო პასიური, მეთვალყურის როლი, საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყავი ჩავრეულიყავი პრეზენტაციის პროცესში , მიმეცა მსვლელობისთვის სწორი მიმართულება, თუმცა მოსწავლეთა სასიქადულოდ უნდა ითქვას , რომ ჩემი ჩარევის აუცილებლობა არ დამდგარა.
რთული აღმოჩნდა ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვის იმ ტკივილიანი ემოციების დაძლევა, რაც ახლად გარდაცვლილი საყვარელი პედაგოგის გახსენებამ გამოიწვია. ამ მომენტს უცრემლოდ არ ჩაუვლია. თუმცა ეს იყო ბუნებრივი მომენტი ამ პროექტში , და ვთვლი, რომ ემსახურებოდა მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე ღრმა ადამიანური გრძნობების,თანადგომის, თანაგრძნობის, სიყვარულის, სინანულის ... უნარების გამომუშავებას.
ვფიქრობ, შევასრულე გეგმით გათვალისწინებული ესგ-ს მიზნებიდან გამომდინარე ,ამ პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილიშესაბამისი აქტივობები.
გეგმის მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა.
მოსწავლეთა ჩართულობა,აქტიურობა, განწყობა იყო პოზიტიური. შემიძლია ,ვთქვა ,რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თითქმის ყველა მოსწავლემ ,ორი- სამი მოსწავლის გარდა, გამოავლინა თანაბარი შესაძლებლობები. გამოიკვეთა შემდეგი:
მოსწავლეებს მოსწონთ კეთებით სწავლება.
და კიდევ,
შედარებით სუსტ მოსწავლეებთან მეტი მუშაობაა ჩემი მხრიდან საჭირო, მეთოდების, მიდგომების შერჩევა, შესაძლებელია აქტივობების დიფერენცირება, შესაბამის შედეგზე გასასვლელად.
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შევცვლიდი? გავაუმჯობესებდი საკლასო გარემოს, თვალსაჩინოებებსგავამრავალფეროვნებდი, ხელნაწერის ტექსტის ნიმუშების არჩევანის თავისუფლებას მივანიჭებდი ბავშვებს, ან რამდენიმე ვარიანტიდან ხმათა უმრავლესობით შევარჩევდით ერთ-ერთს. ესაქტივობა განსაკუთრებით გაუსვამდა ხაზს მათი, როგორც პროექტის მონაწილეების აზრის მნიშვნელობას,აამაღლებდა მოსწავლეთა თვითშეფასებას.
ნინელი ცაბაძე
19 .05.2022 წელი
Comments
Post a Comment