უცხო ენების კათედრა - ,,სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და მასთან დაკავშირებული სირთულეები"

 

უცხო ენების კათედრა

 თემა: ,,სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და მასთან დაკავშირებული სირთულეები"

 რუსული ენის პედაგოგი: ნინელი ცაბაძე

 /სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა/

2022-23 სასწავლო წელი

 

    საქართველო ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვანი სივრცის ნაწილია. უცხოური ენების გარეშე წარმოუდგენელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. უცხო ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,საშუალო საფეხურზე უცხოური ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ მიზანს. კერძოდ, გულისხმობს სწავლების მთელი პროცესის კომუნიკაციურ მიმართულებას. მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე მეტყველება, წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენს წინაშე იკვეთება პრობლემა: -მეტყველების დაუფლებისა და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეებში საშუალო საფეხურზე,და ზოგადად. ამ საკითხს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს უნარ- ჩვევები აუცილებელია სწორი წარმოთქმის , მეტყველების ჩამოსაყალიბებლად , რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ზოგადად, უცხო ენის და, კერძოდ,ზეპირი კომუნიკაციის სწავლა/სწავლება რთული პროცესია. პირადმა გამოცდილებამ და ზოგადად საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამეტყველო უნარ-ჩვევის განვითარება სწავლების საშუალო საფეხურზე, მართალია რთულია, მაგრამ აუცილებელია, იმისათვის, რომ მიღწეული იყოს ძირითადი მიზანი: კონკრეტული უცხო ენა მოსწავლეებისათვის იქცეს უცხო გარემოში მარტივი კომუნიკაციის საშუალებად, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერი მოსწავლეებისათვის გახდეს ბუნებრივი პროცესი.

   ცნობილია,რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს არათუ თავისუფლად მეტყველება უცხო ენაზე,არამედ მიმდინარე დიალოგებში ჩართვაც კი. ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის( მაგ.: რუსული ენის) სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა. ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს, როგორც სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების არცოდნით, ასევე შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში. ასევე, ამ პრობლემური საკითხის დადებითად გადაჭრის პროცესის ერთერთი ხელისშემშლელი მიზეზია ყოველკვირეული სასწავლო-საათობრივი ბადე: ნებისმიერი უცხო ენის სრულფასოვანი სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეებში, მაშინ, როცა კვირაში მხოლოდ ორი აკადემიური საათია გათვალისწინებული, დამეთანხმებით ალბათ კოლეგებო , და რთულია.

    უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლისაგან. უცხო ენების სწავლების მისაღწევ მიზანს სწავლების საშუალო საფეხურზე წარმოადგენს ენის პრაქტიკული გამოყენების სწავლება ანუ, პრაქტიკულად, მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების გამომუშავება. სხვადასხვა დროს უცხოური ენის გაკვეთილს სხვადასხვა მიზანი და სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებაც სხვადასხვანაირად ხდებოდა. თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების დაზუთხვა და მათი თარგმნა წარმოადგენდა, დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა და დაფასება. ტრადიციული გაკვეთილისგან განსხვავებით დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის, არამედ მოსწავლის დამხმარე პერსონა და საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორია. თანამედროვე სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ შინაარსზე, რომელიც მოსწავლეებისთვის რაიმე ღირებულებას წარმოადგენს, მათ ინტერესს აღვივებს, ეხმარება მათ უცხო სამყაროს შემეცნებასა და გარკვევაში და იმავდროულად ახალი პერსპექტივიდან საკუთარი სამყაროს ახლებულ გააზრებას უწყობს ხელს.

    საჭიროა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მათი გაქტიურების მიზნით. მოსწავლე უნდა აღქმულ იქნას, როგორც თანასწორუფლებიანი და აქტიური პარტნიორი. თავისუფალი მეტყველების უნარ_ჩვევის განვითარება ამზადებს მოსწავლეებს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის რეალურ სიტუაციაში, არამედ გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარე ინტერაქციისთვის, უცხო სამყარო კლასში «იქმნება» მხოლოდ გაკვეთილის დროს. ამიტომ აუცილებელია ტექნიკური საშუალებების გამოყენება მეცადინეობის პროცესში. . • ლაპარაკის უნარის განვითარება უნდა მიმდინარეობდეს არა გამეორებისა და იმიტაციის გზით, არამედ გააზრების პროცესზე დაყრდნობით. (ანუ აუცილებელია ენობრივი მოღვაწეობაზე გადასვლა) აუცილებელია ყოველდღიური მეტყველების გათვალისწინება (დიალოგები) მეცადინეობის ფარგლებში,რადგან უკანსკნელ დროს, სულ უფრო მეტი დრო ეთმობა წერითი მეტყველების და კითხვის კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებას. • სწავლების განსხვავებული სოციალური ფორმები, რომელთა მიზანია ინტერაქციის ხელშეწყობა (მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში) წინასამეტყველო სავარჯიშოების ტიპების მრავალფეროვნება . უცხო ენაზე ლაპარაკის უნარი უნდა აიგოს არა მხოლოდ დიალოგის წარმართვის უნარზე, არამედ თემაზე ლაპარაკის (თუნდაც დისკუსიის) სახით. დისკუსია მოსწავლეთა «დემოკრატიულ აღზრდას» უწყობს ხელს. დისკუსიასა და დებატებში მონაწილეობის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ზეპირმეტყველების (ლაპარაკის ) უნარის განვითარების ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს სკოლის ზოგადი მიზნის განხორციელებას «აღიზარდოს დამოუკიდებლად მოაზროვნე, გაბედულ- გაწონასწორებული მოქალაქე, რომელიც აზროვნების თავისუფლებას მთელი გულით ეთანხმება და საკუთარი სიცოცხლით იცავსბანალურია, მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ უცხო ენაზე ლაპარაკით. თუ მეცადინეობის მიზანი მეტყველების უნარის განვითარებაა, მაშინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ილაპარაკოს უცხო ენაზე. ენის, როგორც კომუნიკაციური ქმედების სწავლება, ბევრად უფრო ეფექტურია «კომუნიკაციური» ან «ინტერაქტიური» გაკვეთილის დროს, რომელიც ჯგუფის რეალური სიტუაციიდან გამომდინარე იძლევა ავთენტიკური მეტყველების საშუალებას და რომელშიც მოსწავლეები საკუთარი თავს, როგორც პიროვნებას, წარმოაჩენენ.

    გაკვეთილზე ზეპირმეტყველების განმავითარებელი მრავალფეროვანი სტრატეგიების/აქტივობების მიზანმიმართული, თემატური გამოყენება საშუალო საფეხურზე მნიშვნელოვანია. მაგალითად : როლური თამაში. როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში. შესაძლებელია კითხვები წინასწარ დაიგეგმოს მოსწავლეების ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინების მიხედვით. გამოკითხვა წყვილებში: გამოკითხვა წყვილებში საუკეთესო სტრატეგიაა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს ათვისებული აქვთ საბაზო ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები. საწყის ეტაპზე სასურველია მოსწავლეებს მივაწოდოთ გამზადებული კითხვები ამა თუ იმ თემის ირგვლივ. მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად: ინტერვიუვერი და რესპონდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ რეპორტს მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით. შესაძლებელია როლების გაცვლა. საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ საკმარისი გამოცდილება თვითონ შეადგინონ კითხვები, რომლებსაც გამოიყენებენ ინტერვიუსთვის. კითხვები შეიძლება კავშირში იყოს როგორც ლექსიკურ თემატურ ერთეულთან, ასევე გრამატიკულ მასალასთან. აქტივობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ურთიერთდაკვირვების და თვითშეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ შეაფასონ საკუთარი ცოდნა, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მათ შემდგომი სწავლის დასაგეგმად.

       თხრობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთხრობელის უნარების გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ ჩემს მიერ სასწავლო პროცესში გამოყენებულ ერთ-ერთ აქტივობას. ვყოფთ მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად, ვაწვდით მათ თემებს. მაგ. ,,ჩემი ოცნების ქალაქი". მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ამზადებენ ერთწუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში : 1. საუბრის ხანგრძლივობა; 2. შინაარსი-მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება ; 3. მკაფიო და გასაგები საუბარი ; 4.ჟესტიკულაცია... და .. თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემის მოყოლა. პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით. დისკუსია/დებატები: დისკუსია 21- საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიქრის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული, შემუშავებულია წესები და მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით.

     დამეთანხმებით, ალბათ, კოლეგებო, რომ აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ინგლისურ ენაშიც,მიუხედავად იმისა,რომ ენა ისწავლება დაწყებითი საფეხურიდან . ჩემი ხანგძლივი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე მიღებული გამოცდილებისა და საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები გაკვეთილის საწყის ფაზაში იწყებენ უცხო ენაზე კომუნიკაციას,მაგრამ პირველივე შეფერხებისას ისევ მშობლიურ ენაზე აგრძელებენ(მიმართვას,სურვილების გამოხატვას,მასწავლებლის ინსტრუქციებზე პასუხების გაცემას) საუბარს. ასევე, ჩვენ, პედაგოგები უპირატესობას ვანიჭებთ, ხშირ შემთხვევაში, წერილობით, ინდივიდუალურ მუშაობას, ეს იქნება ტექსტზე მუშაობა, სავარჯიშოებზე მუშაობა,თუ ზეპირი დავალებები. რაც შეეხება სხვა ტიპის ზეპირ დავალებებს, როგორიცაა როლური თამაში, რეპორტაჟი, დისკუსია, დებატები, - საჭიროზე მცირე დროს ვუთმობთ. ამას ვხსნით იმ ფაქტორით, რომ, როგორც კი იწყებენ ბავშვები საუბარს, მალევე გადადიან მშობლიურ ენაზე. ამიტომ აზრს ვერ ვხედავთ უცხო ენაზე დისკუსიის წარმართვის. ვიცით ისიც, რომ მოსწავლეები თემის შესაბამის ლექსიკურ-გრამატიკულ ერთეულებს სათანადოდ ვერ იყენებენ; რაც შეეხება მოსმენის დავალებებს, ჩვენ მოსმენის დავალებების მიცემისას საჭირო სიხშირით ვიყენებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებს; ძირითადად თვითონ უკითხავთ მოსმენის დავალებებს და ზოგჯერ დისკზე აუდიო- ჩანაწერსაც ვიყენებთ.

     მნიშვნელოვანია ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის საფუძველზე გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. თვალნათლივ ჩანს, რომ მოსწავლეებს არა აქვთ საკმარისად გამომუშავებული მოსმენის უნარ-ჩვევები, რაც შესაბამისად აისახება მათი მეტყველების უნარზეც, რადგანაც მოსმენა-გაგება პირდაპირ კავშირშია ლაპარაკთან. საკლასო ოთახში, სადაც იშვიათად მყარდება თავისუფალი კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს და მოსწავლე-მოსწავლეს შორის; მოსწავლეთა ნაწილი საუბრისას განიცდის შფოთვას, ამიტომ შეცდომების დაშვების შიშით არ საუბრობს; ისინი არ არიან თავდაჯერებულები და მოტივირებულები. იშვიათად მიმართავენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა დისკუსია, რეპორტაჟი... პედაგოგები უპირატესობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ წერილობით მუშაობის ფორმებს ; მოსმენის დავალებების მიცემისას საჭირო სიხშირით არ ვიყენებთ აუდიო-ვიდეო საშუალებებს მოსმენის უნარ-ჩვევის განსავითარებლად. ü თითქმის არ მიმდინარეობს გაკვეთილზე თავისუფალი კომუნიკაცია (სურვილების გამოხატვა,კრიტიკა,განმარტება) უცხო ენაზე ; მცირე დროს ვუთმობთ გაკვეთილზე ისეთ სამეტყველო აქტივობებს,როგორიცაა როლური თამაშები,სიმულაციური სიტუაციები,დისკუსიები, დებატები. ასევე, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა უახლესი ,,ისტორიული" ტენდენცია: საზოგადოების არც თუ დადებითი დამოკიდებულება რუსული ენის, როგორც ,,მტრის" ენის მიმართ. ეს სამწუხარო ტენდენცია აზარალებს რუსული ენის, როგორც სასწავლო საგნის იმიჯს, უკარგავს მოსწავლეებს მოტივაციას შეისწავლონ რუსული ენა, როგორც სამეტყველო- საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოს რუსულენოვან , მინიმუმ ნახევარ მილიარდ ადამიანთან. რუსული ენის პედაგოგებს უკანასკნელი ათწლეულებია გვიწევს დიდი ძალისხმევა ამ მნიშვნელოვანი გარეფაქტორების ნეგატიური გავლენისგან გავათავისუფლოთ მოსწავლეები და კვლავ ავუმაღლოთ მოტივაცია რუსული ენის შესასწავლად.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის!

 

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი